ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, ახმეტელის ქუჩაზე (ყოფილი ცხვედაძის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის საფარი 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდა და გარკვეულ მონაკვეთებში გაფართოვდა, ასევე, მოეწყო ბორდიური და გრუნტის დამჭერი კედელი. გარდა ამისა, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გზაზე 30 გრძივი მეტრი ბეტონის თვალამრიდი დამონტაჟდა.
“ყოფილი ცხვედაძის ქუჩის ზედა მონაკვეთზე გზის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული გზა მოწესრიგდა და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. გარდა ამისა, გზა გაფართოვდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი და კომფორტული მოძრაობისთვის“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.
ახმეტელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 187 574 ლარი დაიხარჯა.