ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისთვს რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას და ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. აღნიშნულ პრობლემაზე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ერთ-ერთი მცხოვრებლის მარიკა ჩიქოვანის განცხადებით, ახლახანს ადგილობრივებმა თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც მათ აღნიშნულმა სამსახურმა უარი უთხრა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიის, გე-ერ-გე-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმის) ბათილად ცნობაზე.
ჩიქოვანის თქმით, პროექტით 4 ჰექტარ ტერიტორიაზე რვა მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, აქედან ერთი უკვე აშენებულია. მოსახლეობა დაგეგმილი კიდევ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის პროექტის გაუქმებას ითხოვს.
”პრობლემა 2010 წლიდან არსებობს. გიგი უგულავას მერობის დროს ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია გაიყიდა. გაიცა სამშენებლო ნებართვა რვა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. შვიდი წელია ასათიანის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მოსახლეობა იბრძვის საკუთარი უფლებებისათვის, იმისთვის, რომ საბურთალოს თავიდან ააცილონ ეს ინფრასტრუქტურტული კატასტროფა. მოსახლეობამ სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესები მოიგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ხელახლა ამ საკითხის განხილვა და არქიტექტურის სამსახურმა უარი თქვა კორპუსების მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე. არქიტექტურის სამსახურში გამართული განხილვები მიგვანიშნებს, რომ როგორც ჩანს, ნარმანია თანამდებობიდან წასვლის წინ აპირებს ურბანული და ინსფრასტრუქტურული უბედურება საბურთალოს დაუტოვოს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი