კახა კალაძე სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის

760

სამშენებლო ნარჩენების დაყრა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადად მუნიციპალური ინსპექციის მუშაობასა და სამშენებლო ნარჩენების დაყრის თვალსაზრისით ინსპექტირების შედეგებზე ისაუბრა.

კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და ამ კუთხით არსებული ჯარიმები გაიზარდოს.

„ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ პრობლემა არის სამშენებლო ნარჩენების დაყრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, მითითებულია კონკრეტული ტერიტორიები და ეს იცის ყველა მშენებელმა, მიუხედავად ამისა, ისინი გადიან, სადაც ნახავენ ცარიელ ტერიტორიას, ეს შეიძლება, კერძო საკუთრებაც იყოს, მიდიან და სამშენებლო ნარჩენებს ყრიან. ამიტომ მინდა დაგავალოთ რაც შეიძლება სწრაფად კანონში ცვლილებების შეტანა, რათა გაიზარდოს ჯარიმები. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმ რაოდენობის ჯარიმები, რომ ეს შევაჩეროთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს დღე და ღამე აქვს გაერთიანებული, დარაჯობენ, დაყვებიან მანქანებს, რათა არასწორ ადგილზე არ დაიყაროს სამშენებლო ნაგავი, გვაქვს პრობლემები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით 1000-მდე ოქმია გამოწერილი, თუცა ჯარიმების ოდენობა დაბალია და აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

„ჯარიმები დაბალია და აუცილებლად უნდა მოხდეს ჯარიმების გაზრდა. დახლოებით 700 000 ლარი არის შემოსული დაჯარიმებებიდან. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა, რომ გავამკაცროთ მიდგომა ამ მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან კახა კალაძე მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხმაურის კონტროლის საკითხსაც შეეხო.

„ინტენსიურად შემოდის ამ კუთხით მოქალაქეების საჩივრები, დაახლოებით 250 ოქმია შედგენილი წლის განმავლობაში. ცხელ ხაზზე შეტყობინებები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში უფრო მეტია, ტურისტული სეზონის გამო, რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს აწუხებთ ხმაური. როგორც ვიცით, გამოდგამენ ხოლმე დინამიკებს, ბოლო ხმაზე აწეული და სერიოზული პრობლემაა, ამას სჭირდება დარეგულირება. ჩვენთვისაც სიახლეა ეს მიმართულება და შესაბამისად, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ და დავარეგულირებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის ყველა თანამშრომელს.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, უფრო მეტი შემართებით, წესრიგია ქალაქში საჭირო და ცვლილებებზე, რაც საკანონმდებლო დონეზე საჭირო და აუცილებელია, ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პარლამენტის მხრიდან გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც სხვა პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც განვახორციელეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.