თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩაზე, ასევე კიკვიძის პარკში მომუშავე კომპანიებს „ბოლოჯერ აფრთხილებს“.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის კომპანიას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და თუ სამუშაოები ჯეროვნად არ განხორციელდება, მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.
„ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს… ამას ხალხი ხედავს, საზოგადოება ხედავს. ჩვენ, როდესაც მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, რაღაც მოჩვენებით გვაჩვენებენ, რომ იქ ყველა ჩართულია, მუშაობს, მიდის ფუსფუსი და გამოვდივართ ორი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს, დაათრევს ამ ჭებს აქეთ-იქით. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები რაც შეიძლება მალე იქნას დასრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე, გავეცნოთ სამუშაოებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ბოლო გაფრთხილება ამ კომპანიის. თუ ის არ წარმართავს სამუშაოებს, როგორც საჭიროა ისე, იმ რაოდენობით, როგორც უნდა მუშაობდნენ, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძებნა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული სამუშაოები,” – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, გაფრთხილება ბოლოა კიკვიძის ბაღში მომუშავე კომპანიისთვისაც. მისი თქმით, თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მერია მათ სხვა, მათ შორის უცხოური კომპანიებით ჩაანაცვლებს.
„კიკვიძის პარკს რაც შეეხება, აქაც ბოლო გაფრთხილება. ქალბატონო მაია {ბითაძე} თქვენ მინდა დაგავალოთ და მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ სამუშაოებს კურირებენ. მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, როგორ მიდის სამუშაოები. 2-3 დღის განმავლობაში კიკვიძის პარკში კაციშვილი არ მუშაობს, მიგდებულია, მიყრილია ყველაფერი. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი, თუ დასრულება ადრეა შესაძლებელი. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ერთი დღე , როგორც კი იქ სამუშაოები არ იქნება, შეუწყვიტეთ ხელშეკრულება. უბრალოდ დავიღალეთ, პირადად მე, მოადგილეები დავდივართ და თავზე ვადგავართ, რას და როგორ აკეთებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მენეჯმენტი არაა ჩვენი მხრიდან, უბრალოდ მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. აქვთ სამშენებლო კომპანია, ერთ გზას დააგებენ, ჯიპს იყიდიან და გონიათ, რომ კომპანია მაგარია, მერე მიდის პირამიდებით რაღაცებს მაიმუნობენ და მერე ის რომ სამუშაოს ვერ შეასრულებს, ვინაა დამნაშავე? მოსახლეობას არ აინტერესებს კონტრაქტორის თუ ვისი ბრალია, პასუხისმგებელი მერიაა და მოსახლეობას ჩვენთან აქვს პრეტენზიები,“ – განაცხადა კალაძემ.