საბურთალოს რაიონში, საუნივერსიტეტო დასახლებაში, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, მირიანაშვილისა და სვანიშვილის ქუჩებზე, ჯამში, 11 861 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და ღია სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.
“საუნივერსიტეტო დასახლებაში წლების განმავლობაში, რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დასახლებაში 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში საუნივერსიტეტო დასახლება სრულად მოწესრიგდება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 137 248 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს კომპანია “ცეკური“ აწარმოებს.