სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა მოინახულა. კონსტანტინე თავზარაშვილი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროცესის მიმდინარეობის დეტალებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას რადიო მოიზაკა ავრცელებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 18 ათას ლარს იღებს. სამშენებლო ტრესტი #3 -ის წარმომადგენელი, ვახტანგ ყანჩაველი ამბობს, რომ სამუშაოები ზამთრის პერიოდს ემთხვევა და მერიას ურჩევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ორი თვით გადაწიოს.
“ხელშეკრულების მიხედვით სადგურის საბავშვო ბაღში სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დამთავრდეს. მაგრამ თუ მერია გაითვალისწინებს მშენებლების რჩევას, გვინდა რომ ერთი ორი თვით გადაიწიოს დამთავრებამ. უფრო მეტი ხარისხი ექნება. თებერვალში გაკეთებული რბილი სახურავი , იმ დონის არ იქნება, როგორც მაგალითად მაისში. რადგან მას შესაბამისი ტემპერატურა სჭირდება. ჩვენ კი პრობლემა არ გვაქვს, დავამთავრებთ მარტში, მაგრამ მაისში დამთავრება უკეთესი იქნებოდა. 1 მლნ 018 ათასად მოვიგეთ ტენდერი. ამ თანხიდან შესაძლოა ეკონომიაც გავაკეთოთ. ვჯდებით თანხაში ყველანაირად”, – ამბობს სამშენებლო ტრესტი #3 ის დირექტორი, ვახტანგ ყანჩაველი.