გორის ზოგიერთ ბაღში არასაკმარისი საწოლების გამო აღსაზრდელებს შუადღით არ აძინებენ

1539

გორის ზოგიერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს შუადღით არ აძინებენ. როგორც ირკვევა, მიზეზი საწოლების არასაკმარსი რაოდენობაა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პრობლემა ძირითადად ქალაქის ცენტრში მდებარე ბაღებში არსებობს. მშობლები ამბობენ, რომ ჯგუფში მხოლოდ წინა წელს მიღებულ აღსაზრდელებს აძინებენ, რადგან წელს დამატებული აღსაზრდელებისთვის საწოლების საჭირო რაოდენობის არ არის.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ საბავშვო ბაღებში საწოლების რაოდენობის კუთხით პრობლემებია, თუმცა ლია კოვზიაშვილი აღნიშნავს, რომ აღმზრდელები თითოეული ბავშვის საჭიროებებს ინდივიდუალურად უდგებიან და ძილის პერიოდში, მშობელს ბავშვის გაყვანასაც სთავაზობენ.

ფსიქოლოგების განმარტებითმ, ძილი ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანი დეტალია და გარკვეულ ასაკამდე შუადღის ძილი, რომელიც ბავშვებს დიდად არ უყვართ, აუცილებელიც კია.

გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ წელს 6 000-მდე აღსაზრდელი დაარეგისტრირა. ა(ა)იპ-ის ინფორმაციით, ჩარიცხვაზე უარი წელს თითქმის არავის მიუღია.