ქუთაისში 161 საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელს პედაგოგის სტატუსი ოქტომბრის შუა რიცხვებში შეუწყდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისინი წინსწრებით ორი წლის ხელფასს აიღებენ. მასწავლებლის ჯილდოზე განცხადება ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან 27 სკოლის 161-მა პედაგოგმა შეიტანა. სკოლას უმეტესად ქართული ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი განათლების, მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგები ტოვებენ.
გათავისუფლებულ ადგილებზე ქუთაისის საჯარო სკოლებში სულ 100-მდე ვაკანსია გამოცხადდა. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ყველა გათავისუფლებულ ადგილზე ახალი ვაკანსიის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა, რადგან საათები კონკრეტული საგნის კომპეტენციის მქონე თანამშრომლებზე გადანაწილდა.
საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელთა ჯილდოზე განცხადების შეტანა ორ ეტაპადაა შესაძლებელი. პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
მასწავლებლებს, რომლებმაც უარი თქვეს ჯილდოზე, მაგრამ ვერ დაადასტურეს საგნის კომპეტენცია, გამოცდაზე გასვლის საშუალება ოქტომბერშიც მიეცემათ. კომპეტენციის ხელმეორედ დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი მასწავლებელთა ჯილდოზე განაცხადის გაკეთების საშუალება ექნებათ.
სკოლებში ახალგაზრდა კადრების შეყვანის მიზნით, განათლების სამინისტრომ პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ ორი წლის ხელფასი ჯილდოს სახით შესთავაზა. ამასთანავე, სქემის მიხედვით მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ დაზღვევა.
მათ კი, ვინც საპენსიო ასაკის მიუხედავად პედაგოგიურ საქმიანობაზე უარს არ იტყვის, სკოლაში მუშაობის გაგრძელება დროებითი ხელშეკრულებით შეეძლება, თუმცა, იმავე ხელფასით რაც აქვს და სკოლის საჭიროების გათვალისწინებით, რასაც სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე ასეულობით პედაგოგმა მოითხოვა ორწლიანი კომპენსაცია სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ.
პედაგოგებს, ფულადი ჯილდოს სანაცლოდ სკოლიდან წავლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო 2019 წლის ბოლომდე აქვთ.