სიღნაღის სოფელ ძველი ანაგის 2 000-მდე მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

763

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კომპანია შპს „ალგეთის“ დირექტორმა შალვა შალვაშვილმა მოაწერეს. შეხვედრას კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს. გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება შიდა წყალმომარაგების ქსელები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის შემოდგომიდან, სოფლის 2 000-მდე მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 678 926.15 ლარით ფინანსდება.