30 სექტემბრიდან თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ხეების მოჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
“ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარიული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, ფიჭვებზე გავრცელებული დაავადება პროგრესირებს, ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება მათი ახალი, დიდი ზომის ნერგებით სასწრაფოდ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ მერიაში.
30 სექტემბრიდან, სანიტარიული ჭრებისა და ახალი ნერგების დარგვის გარდა, თამარაშვილის ქუჩაზე დაიწყება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების ღონისძიებები, გამწვანებულ შუაგამყოფ ზოლში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ნოყიერი ნიადაგის შეტანა და ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახის დათესვა.