დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ექვს მისამართზე ე.წ. კარაჩაროვის ლიფტები ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტი დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ა და ბ, ასევე, მე-11 და მე-18 კორპუსებში, მე-6 კვარტლის 22-ე ბ კორპუსსა და აგლაძის ქუჩის N39ა-ში განხორციელდა.
“დიდუბის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მიმდინარე წელს 17 ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, ხოლო ექვსი ლიფტი ახლით ჩავანაცვლეთ. მინდა მივმართო იმ ამხანაგობებს, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების საშუალებით განცხადებით მოგვმართონ, რათა არსებული პრობლემის მოგვარება შევძლოთ“, – განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.
ლიფტები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაანაცვლა და ამისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.