გორის 24 ბაღში სარემონტო სამუშაოები სწავლის პერიოდში იწყება

674

გორის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღების შენობების შიდა სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 17 სექტემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, ქალაქის 8 და 16 სოფლის ბაღში. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღებში ისეთი სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რომელიც სააღმზრდელო პროცესს სავარაუდოდ ხელს შეუშლის.

„გათვალისწინებულია ჯგუფის ოთახებში ჭერიდან დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს ფილების მოხსნა და მოწყობა, ჭერის დამუშავება და შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიის ხსნარით „- წერია დოკუმენტაციაში.

Qartli.ge გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. პრეს-სამსახურში არ გამორიცხავენ რომ შესაძლოა რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდეს, თუმცა განმარტავენ, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გვიან გამოცხადდა, რადგან სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შაბათ-კვირას იმუშავებს და, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესს ხელს არ შეუშლის, თუმცა არ გამოვრიცხავთ გარკვეული პერიოდით კონკრეტულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებასაც“- აცხადებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშო ბაღის შენობების შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტუიდან გამოყოფილია 41 510 ლარი, ხოლო გორში მდებარე საბავშო ბაღის შენობების შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის 68 906 ლარი.