როდესაც ხეების გაჩეხვაზე საუბრობენ და სურათის დრამატიზების მცდელობაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ნაწილი, სამწუხაროდ, გამხმარი და დაზიანებული მცენარეები იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო “წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით განუცხადა.
კითხვაზე, არსებობდა თუ არა ხეების გაჩეხვის რაიმე ალტერნატივა, დავითაშვილი აცხადებს, რომ ალტერნატივა თუ იარსებებდა, ამას შესაბამისი უწყება განიხილავდა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება კანონმდებლობის დაცვითაა მიღებული.
“ბუნებრივია, თუ იარსებებს რაიმე ალტერნატივა ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თუ არსებობს მცენარეების გადარჩენის საშუალება ჩვენ ამას ავერიდებით. ის რაც ხორციელდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესში, ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება კანონმდებლობას და შესაბამისად, როგორც ჩვენი სამინისტრო, ისე სხვა მონაწილე მხარეები მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად. სამწუხაროდ, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გვიწევს ხოლმე წითელი ნუსხით დაცული მცენარეების ამოღება ბუნებიდან. კანონმდებლობა შესაბამის ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს სამშენებლო პროცესის წარმართვა და ჩრდილი არ უნდა მიადგეს ასეთ მნიშვნელოვან პროექტს,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებელ კომპანიას, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ხის მოიჭრის უფლება მიენიჭა.
შეგახსნებთ, რომ “სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა 23 მაისს ქუთაისში, მუხნარის ტყეში, აქცია გამართეს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო 150 ძირი “წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხის მოჭრა გააპროტესტეს.
9 სექტემბერს კი პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ საზოგადოებას მუხრანის ტყის გადარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნაცვლად ტყის გადარჩენისა, მიადგნენ და ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საღორიის ტყის ის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, მათ დაქვემდებარებაში არ არის.