როგორც კი შესუსტდება მუშაობა და კომპანიას არ ეყოლება საკმარისი ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ მასთან ხელშეკრულება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გლდანში – ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა დაავალა.
კალაძის შეფასებით, “უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის“.
“გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და საგზაო კომპანია არის შესული და გზის სამუშაოები აქვს დაწყებული. ირაკლი ბენდელიანის და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს მინდა დავავალო, რომ მაქსიმალური ზედამხედველობა გქონდეთ – 24-საათიან რეჟიმში. როგორც კი სამუშაოები შეჩერდება, შეწყვიტეთ ხელშეკრულება.
არ აქვს მნიშვნელობა დღის თუ ღამის განმავლობაში, რადგან ღამე უფრო მარტივია მუშაობა ნაკლები მოძრაობის გამო, ღამით განხორციელდეს მძიმე სამუშაოები, რაც კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია. როგორც კი შესუსტდება მუშაობა, არ იქნება საჭირო რაოდენობის სამუშაო ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობას მინდა მივმართო, თუ დაინახავთ, რომ ვიღაც არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან, ამიტომ ამას მოყვება რეაგირება და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობს კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ღირსეულად თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? – მერია, კალაძე, რომლებიც ვერ აკეთებენ თავიანთ სამუშაოებს და იმაზე არავინ საუბრობს, რომ კომპანია არის პასუხისმგებელი და ვალდებული. მეტი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. მესმის, რომ არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ქალაქში მიმდინარე პროექტებზე. რეაქცია და მიდგომები ჩვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი, რომ არავის სალაპარაკო არ მივცეთ”,- განაცხადა კალაძემ.