სასტუმრო “სტამბაში” თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

1265

სასტუმრო “სტამბაში” თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის პრეზენტაცია თბილისის ფოტოფესტივალის საიუბილეო, მე-10 გამოშვების გახსნის კვირეულის ფარგლებში შედგა.

“თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტით – “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის” გახდა შესაძლებელი, ხოლო სივრცე მუზეუმს “აჭარა ჯგუფმა” სასტუმროს “სტამბა” ტერიტორიაზე დაუთმო”, – განმარტავენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტოწიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილი მულტიმედიური პროექტების კოლექციას დაეთმობა, გარდა ამისა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალა.

“მინდა ქალაქს მივულოცო კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სივრცის შექმნა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისი რეგიონში კულტურის დედაქალაქი უნდა გახდეს. მულტიმედიური მუზეუმის გახნა, რომელსაც თავისი მედიათეკაც ექნება, სწორედ ამ მიმართულებაზე მეტყველებს – ეს რეგიონში პირველი ფოტომუზეუმია. რაც შეეხება მედიათეკას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქალაქ თბილისის მერია მომავალი წლიდან სწორედ მისი მოწყობის კომპონენტში ჩაერთვება”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ.