ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

907

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე  ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის 26 099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.

“მშენებლობის ადგილას, დღეს, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს.

კაფსულაში სკოლის აშენების შესახებ დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი პრემიერმინისტრმა, ქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ევროკომისარმა მოაწერეს”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის განვითარებაში განათლების წვლილზე ისაუბრა.

“დღეს მართლაც  მნიშვნელოვანი დღეა. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენნაირი მშვიდობიანი, არააგრესიული ერების ერთადერთი ძალაც და განვითარების წინაპირობაც, მართლაც, მხოლოდ განათლება შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს, აქ, მშენებლობის დაწყება არის არა მხოლოდ ახალი ევროპული პროექტის დაწყების მანიშნებელი, არამედ ძლიერი და ბედნიერი მომავლის სიმბოლოც.

მოხარული ვარ, რომ თბილისში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში განათლების უპირველესი კერა იყო, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით და ძალისხმევით აშენდება კომპლექსი, რომელსაც ამჯერადაც, რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ ექნება. ეს სკოლა იძლევა საშუალებას და იმედს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს უფრო მოტივირებული და ადრეული ასაკიდანვე გაუგოს გემო წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავ შრომას. დღეს სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას: ხარისხიანი ზოგადი განათლება და წიგნიერების მაღალი დონე, რადგან თითოეული ბავშვი ჩვენი მომავალია, რომლის განათლებულ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ მოქალაქედ ჩამოყალიბება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად მიგვაჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპული სკოლა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ეყოლება, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურულ  გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ,  ევროპულ, მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს.

ევროპული სკოლის საპილოტე პირველი ეტაპი 2018 წელს “ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო.  ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა.  2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის.  სკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციის გარდა, ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა-შემუშავებას. ევროპული სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.