USID -ის პროგრამების დირექტორი: ქუთაისის მერიას სასტუმროების, ტრანსპორტისა და მშენებარე ობიექტების შესახებ ბაზები არ აქვს

792

ქუთაისის მერია ღია მონაცემების სტრატეგიის დანერგვას იწყებს. დოკუმენტი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. 

სტრატეგია გულისხმობს,  როგორც მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემების  განახლებად რეჟიმში  ხელმისაწვმდომობის უზრუნველყოფას, ასევე,  მონაცემთა ბაზების შექმნას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების, ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მუნიციპალური ტრანსპორტისა  და სხვა ტიპის მონაცემების მიხედვით. დამუშავებული ბაზებით კი სპეციალური, მობილური აპლიკაციები უნდა შეიქმნას.

სტრატეგიას ქუთაისის მერია USID -ის „კარგი მმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

USID -ის პროგრამების დირექტორის, ვალერი ავალიშვილის თქმით, ამ მიმართულებით ქუთაისის მერიას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი, სწორედ ბაზების არარასებობაა.

“ქუთაისის მერიას არ აქვს აღწერილი, მაგალითად,  ქალაქში სად რა შენდება, ვინ აწარმოებს ამ პროცესს და ვინ არის პასუხისმგებელი მის  ზედამხედველობაზე. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, სადაც აღრიცხული იქნება სად ჩერდება  მუნიციპალური ტრანსპორტი და  რომელ საათზე.  არ არის ჰოსტელების, სასტუმროების ბაზები. პირველად რომ ჩამოვა ტურისტი ქალაქში, მას აპლიკაციის საშუალებით უნდა შეეძლოს ნახოს რომელია ყველაზე კარგი სასტუმრო. მეორე საკითხია მუნიციპალიტეტში მართვის საჯაროობა და განახლებად რეჟიმში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მაგალითად, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ენჯეოებს,  საშუალება უნდა ჰქონდეთ განახლებად რეჟიმში ადევნონ თვალი ბიუჯეტის ხარჯვის პროცესს, ასევე, ღია და განახლებადი უნდა იყოს ინფორმაცია შესყიდვების შესახებ. ეს არის ის სამუშაოები, რაც პირველ ეტაპზე უნდა ჩაატაროს მუნიციპალიტეტმა, რათა შემდგომ უკვე გადავიდეთ აპლიკაციების შექმნის პროცესზე“, – განაცხადა USID -ის პროგრამების დირექტორმა, ვალერი ავალიშვილმა.

სტრატეგიის განხილვას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მერია თანამშრომლების ამ მიმართულებებით გადამზადებას უზრუნველყოფს.

მოხდა გარკევული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათ შორის საუბარია სისტემატიზაციაზე, თანამშრომლების გადამზადებასა და კომპეტენციაზე, რომელიც  მნიშვნელოვანი ფაქტია იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღია და ანგარიშვალდებული  გახდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ქუთაისი, თბილისისა და ახალციხის შემდეგ,  მესამე ქალაქი იქნება, სადაც ღია მმართველობის  სტრატეგია დაინერგება. სტრატეგიაზე სამუშაოდ  ქუთაისს ორწლიანი ვადა აქვს.