პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადოს, გაუგებარია და მოსაწონი ვერ იქნება.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ მათ, წარმოედგინათ კონტრარგუმენტები ამ რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ეს ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტისადმი“, – განაცხადა კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე” ვეტოს დადებას სთხოვს.
წყარო: ინტერპრესნიუსი