პარლამენტი საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვებს იწყებს. პირველი შეხვედრა დღეს, 13 სექტემბერს თელავში გაიმართება.
ცვლილებები შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
ქვეყნის მასშტაბით კი დაგეგმილია 11 საჯარო შეხვედრა. სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.
განხილვები თვის ბოლომდე გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის კი პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ახალი ვერსია უნდა დაამტკიცოს.
ცნობისათვის, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.