ქუთაისში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში წყალმომარაგების ახალი ქსელი ეწყობა

622

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის მეორე ფაზა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს,  სრულად იცვლება კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონტალური დგარი).

აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა.  კორპუსების სარდაფებში  არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დონორ ორგანიზაციის მხარდაჭერით, მილების რეაბილიტაციისთვის პროექტში ცვლილებები შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, კორპუსების საძირკველში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რაც იწვევს სარდაფების დატბორვას.

ამ დროისთვის, სამუშაოები 60 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დასრულებულია.

პარალელურად, მრავალბინიან კორპუსებში, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რაც  წყლის გამანაწილებელი დგარებისა და შიდა ქსელების მოწყობას ითვალისწინებს.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება.

პროექტს  80 788 120 ლარით  აზიის განვითარების ბანკი  (ADB) აფინანსებს.