14-15 სექტემბერს ორბელიანის განახლებულ მოედანზე “სთრით ფუდ ფესტივალი” ჩატარდება

1022

14-15 სექტემბერს ორბელიანის განახლებულ მოედანზე “სთრით ფუდ ფესტივალი – დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” ჩატარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე შეეძლება.

“ახალ პროექტს ვიწყებთ – “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში”. გვინდა, რომ თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის 14-15 სექტემბერს 12:00-დან 23:00-საათამდე ორბელიანის განახლებულ მოედანზე ჩავატაროთ ეს ფესტივალი. ფესტივალი კომპანია “სთოლის” ორგანიზებით ჩატარდება.

თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია, განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი. ერთ-ერთი იყო “თბილისური ბაზარი”, რომელიც არის ერთგვარი პლატფორმა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ამჟამად ჩვენ ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს. ამ მიმართულების და ტურიზმის ხელშეწყობისთვის თბილისურ “სთრით ფუდ მარკეტს” ჩავატარებთ.

ბოლო პერიოდში თბილისში მრავლად გაჩნდა საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობასაც ბიძგი მისცა “სთრით ფუდ ფესტივალის” ჩატარებას – “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში”.

ფესტივალის ფარგლებში მსურველებს მონო-მენიუებით გაუმასპინძლდებიან გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სწრაფი კვების ობიექტებს, საკონდიტროებს, მეწარმეებს, ღვინისა და კრაფტ-ლუდის მწარმოებლებს.

მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებ-გვერდს და უნდა დარეგისტრირდნენ. ნებისმიერ მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ასეთი პროექტების განხორციელება ნამდვილად სჭირდება ორბელიანის მოედანს. იქ ჯერ ისეთი სიცოცხლე არ იგრძნობა, როგორიც ჩვენ გვინდა. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თბილისის ცენტრია და ასეთი პროექტების განხორციელება ამ კონკრეტულ ლოკაციაზე იქნება ძალიან მაგარი. გელოდებით, მობრძანდით და დააგემოვნეთ ქართული კერძები, სასმელები”,- განაცხადა კალაძემ.