საკრებულოებში ქალთა რაოდენობა 13%-ს არ აღემატება, 64 მერიდან კი ქალი მხოლოდ ერთია

1752

დღეს თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფორუმის 150 წევრი დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებმა  ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში ადგილობრივ დონეზე ქალების მონაწილეობის გაზრდის გზები განიხილეს. მონაწილეების თქმით, მუნიციპალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული ქალების საჭიროებებზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა სკოლამდელი განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, პროფესიული განათლებისა და  გადამზადების განვითარება და ქალების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევაში.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ავსტრიის, დანიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრმა ქალებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მაღალი რანგის ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფორუმის საკვანძო მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდისთვის. მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს საქართველოს ქალებს და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო მიაღწევს გენდერულ თანასწორობას მმართველობის ყველა დონეზე.

“ქალების ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის საქართველოს პოლიტიკაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ. “საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში და გენდერული თანასწორობის მიღწევას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე“.

“ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება საკვანძო საკითხია როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ასევე, თანაბარი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომლის მიღმა არავინ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში.

“ყველამ ვიცით, რომ ქალები სათანადოდ ვერ იყენებენ თავის პოტენციალს როგორც საქართველოში, ასევე, ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს ვითარება სხვადასხვა სფეროში შეიმჩნევა, როგორც ოჯახებში, ასევე, კერძო სექტორსა და ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში“, –  აღნიშნა დანიელ მევლიმ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა. “შვეიცარია მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის მიღწევაში და ქალთა როლის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მიმართეს არად ბენკომ, ავსტრიის ელჩმა საქართველოში, და ელიზაბეტ რუდმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.

ქალების დაბალი წარმომადგენლობა პოლიტიკაში საქართველოს ჯერაც გადაუწყვეტელი პრობლემაა. ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 13 პროცენტს არ აღემატება. 64 არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოდნავ გაიზარდა ქალი პარლამენტარების რიცხვი, მაგრამ 15 პროცენტს ეს მონაცემიც არ გასცდენია.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, რომელიც 2013 წელს შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შეიქმნა, ერთერთი მექანიზმია საქართველოს ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის.

“აუცილებელია, რომ საზოგადოებამ გაიგონოს და გაითვალისწინოს ქალების ხმა, მაგრამ ეს არა მხოლოდ სამართლიანობის დაცვას მოითხოვს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა, UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში. “საჭიროა ისეთი სახელმწიფო სერვისების განვითარება, რომლებიც ყველას საჭიროებებზე იქნება მორგებული, ასევე აუცილებელია მოსახლეობის ყველა წარმომადგენლის ენერგიისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გათავისუფლება. საქართველო სრულად გამოიყენებს თავის პოტენციალს, თუ ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობები უზრუნველყოფილი იქნება მისი ყველა მოქალაქისთვის“.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 კონფერენციის მონაწილეებმა ქვეყნის რეგიონებში არსებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე, სკოლამდელ განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და ამ ძირეული გარდაქმნის მნიშვნელობაზე მმართველობის ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.