საია-ს იურისტი: თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა

1391

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”იურისტის, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

პავლიაშვილის აზრით, სწორედ ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს და ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს.

“ჩვენ პრეზიდენტს პროექტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებას ვთხოვთ. ამ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილია აქცენტი შემდეგ პრობლემებზე გაკეთდეს: ერთია ის, რომ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს, როცა გათვალისწინებული არ არის ამომრჩეველთა ინტერესი; მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლა. მმართველ გუნდს არ შეუსწავლია, რა აინტერესებდა ადგილობრივ მოსახლეობას, სურდა თუ არა მას თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა და მუნიციპალიტეტების გამსხვილება. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს. კიდევ ერთი საკითხი ეხება იმ სერვისების მიწოდებას, რომელიც თვითმმართველობამ ადგილებზე უნდა ურზუნველყოს. ჩვენ შეიძლება მოქალაქეთა ჩართულობის გაუარესება მივიღოთ, რადგან ტერიტორიების გამსხვილებამ იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების დაკარგვა განაპირობოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს საია-ს იურისტმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი