ცქიტიშვილი: წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2 მილიარდი ლარია გამოყოფილი

664

საგზაო პროექტებზე 9 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი რაოდენობა მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად გაიზრდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უპრეცენდენტო თანხა – 2 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

“ეს დაახლოებით, 420 მილიონით მეტია წინა წლის ბიუჯეტზე. 1 სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტრომ უკვე დააფინანსა 964 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაობი, რაც 54%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სამინისტროს ბიუჯეტის 65% საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მოდის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების 254 პროექტს ახორციელებს, აქედან 43 პროექტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 3,7 მილიარდი ლარით აფინანსებენ.

“ჩვენ გვაქვს მთავარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა და მივყვებით მას. გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა და ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 140 კმ მაგისტრალურ გზაზე. სამუშაო დაწყებულია რიკოთის ორ მონაკვეთზე, ხელშეკრულება გაფორმდა ჩუმათელეთი-ხევის ნაწილზე, ხოლო შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. დღეს დილით გავაფორმეთ ხელშეკრულება ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე. ამ პროექტის ყველა მონაკვეთზე გვყავს კონტრაქტორი და მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. მაგისტრალურ გზებთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო ტემპი. წელს უკვე დასრულდა 510 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2020-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება მთის გზების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს 138 კმ გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 200 კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების აღდგენას გეგმავს. ამ პროგრამის ნაწილია ქუთაისისა და ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებს დიდი გზების რეაბილიტაციაში დაეხმარება.

“1 სექტემბრის მდგომარეობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 565 მლნ ლარის სამუშაო შეასრულა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემს 190 მლნ ლარით, ანუ 51%-ით აღემატება. მიმდინარე საგზაო პროექტებზე დასაქმებულია 9000-ზე მეტი ადამიანი. დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად. აქტიურად ვმუშაობთ უცხოელ კონტრაქტორებთან ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით. სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია მომავალი თობის დაინტერესება. ამიტომ, უმაღლეს სასწავლებლებთან და კონტრაქტორებთან ერთად ვცდილობთ ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესებასა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.