„ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ – რა უნდა ვიცოდეთ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში?

2448

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

5 მუნიციპალიტეტშიჭიათურაში, ტყიბულში, ცაგერში, სურამსა და გარდაბანშიუკვე დასრულდა ადგილობრივი ახალგაზრდული ჯგუფების მიერ განცხადებების მიღება პროექტზე –  „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვისდა ამ პროექტში მონაწილე გუნდებთან შეხვედრებიც დაიწყო.

პროექტის მიზანი შერჩეულ 5 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვაა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მიმართულია ურბანული განვითარებისათვის. თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ერთი გუნდი. კონკურსში გამარჯვებული იდეა განხორციელდება, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრები ჩეხეთში სასწავლო ტურით წავლენ.

პროექტის ამოცანებია:  

ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება ურბანულ განვითარებაში, ადგილობრივი პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და პროექტების წერის მიმართულებით;

სამიზნე ლოკაციებში ურბანულ განვითარებაზე მიმართული პროექტების და კონცეფციების შექმნა;

ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ეფექტური სამუშაო კავშირების  დამყარება;

მდგრადი და ფუნქციური მექანიზმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს აქტივობის საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელებისათვის;

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ აფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდული გუნდების მიერ მომზადებულ, ურბანულ განვითარებაზე მიმართული კონცეფციებისა და პროექტების კონკურსს, რათა სამიზნე ლოკაციების მაცხოვრებელი ახალგაზრდები ჩაერთონ ადგილობრივი ურბანული განვითარების პროცესში;

ამასთან, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ სემინარები და ტრენინგები ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა გამომუშავებისა და ცოდნის ამაღლებისთვის.

პროექტის ბოლოს გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში სპეციალური სასწავლო ტურის ჩატარდება, რათა ისინი გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას ადგილობრივ ურბანულ განვითარებაში სამოქალაქო ჩართულობის ევროპულ გამოცდილებას.

პროექტის ფარგლებში, ასევე, შემუშავდება მდგრადი და ფუნქციონალური მექანიზმი, რათა პროექტით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოხდეს.

ვის შეუძლია მონაწილეობა საპროექტო იდეების კონკურსში და როგორ მოხდება გუნდების ფორმირება?

საპროექტო იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ  ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 18-დან 30 წლამდე; გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 წევრისგან, აქედან, ერთი წევრი უნდა იყოს გუნდის ხელმძღვანელი; საპროექტო იდეა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, მიმართული უნდა იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და უნდა იყოს საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი; გუნდის წევრები არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი საჯარო სამსახურში.

პროექტის მიმდინარეობისას გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში და ეყოლებათ მენტორი. მიღებული ცოდნისა და რეკომენდაციების საფუძველზე, მოამზადებენ თავიანთ საპროექტო იდეებს. საპროექტო იდეების მომზადების ბოლო ვადა 2019 წლის 10 ნოემბერია. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე, კონკურსის წესით, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საჯარო კენჭისყრის მეშვეობით.

რას მიიღებს კონკურსში გამარჯვებული გუნდი?

გამარჯვებული საპროექტო იდეები (თითო მუნიციპალიტეტში ერთი პროექტი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელთა დახმარებით გადამუშავდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოთხოვნების შესაბამისად და შემდგომში დღის წესრიგში დადგება მათი განხორციელება. გამარჯვებული 5 გუნდის ყველა წევრი კი გაემგზავრება ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ტურით.

როგორი უნდა იყოს საპროექტო იდეა?

გუნდების მიერ მომზადებული საპროექტო იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს ინოვაციური და შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს; დაკავშირებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის განვითარებასთან (სურამის გარდა); პროექტები მომზადებული უნდა იყოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, რომელშიც პრობლემა აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და უნდა დასაბუთდეს მისი აქტუალურობა; პროექტის მიზნები და ამოცანები აღწერილი უნდა იყოს ნათლად და კონკრეტულად; პროექტის მიზნები მიღწევადი და გაზომვადი, მისი განხორციელების გზები – რეალისტური, მოსალოდნელი შედეგები კი ნათლად იყოს წარმოდგენილი; მკაფიოდ უნდა დასაბუთდეს პროექტის შედეგების მდგრადობა, მის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები ნათლად იყოს გააზრებული და, ასევე, უნდა ჩანდეს ამ რისკების აცილების სტრატეგია.

გარდა ამისა, პროექტის ბიუჯეტი უნდა იყოს რეალისტური, საკმარისად დეტალიზებული და დასაბუთებული, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს. საპროექტო იდეები არ უნდა იყოს მიმართული კერძო ინვესტიციების ან ბიზნესიდეების განხორციელებაზე, ისინი უნდა იყოს საჯარო სარგებლისა და საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი.

აუცილებელია, რომ კონკურსში მონაწილე გუნდების ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღოს პროექტით დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში (მენტორინგი, ტრენინგი და ა.შ).

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

თითოეულ სამიზნე ლოკაციაზე შეირჩევა ერთი გამარჯვებული საპროექტო იდეა, რომელსაც საჯარო კენჭისყრით ადგილობრივი მოსახლეობა შეარჩევს.

ამისათვის ხუთივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება პროექტების საილუსტრაციო მასალა, რათა მოსახლეობა გაეცნოს კონკურსის მონაწილეთა საპროექტო იდეებს.

თითოეულ გუნდს მიეცემა შესაძლებლობა, მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს საკუთარი იდეის უპირატესობა და სარგებელი. ამისათვის პროექტის განმახორციელებელი გუნდი დაეხმარება ახალგაზრდებს შტენდერების, პოსტერების, პრეზენტაციებისა და სხვა ვიზუალური მასალის დამზადებაში.

ამასთან, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს გუნდებს ლიფლეტებით/მოსაწვევებით, რომლებსაც გუნდების წევრები დაარიგებენ კარდაკარის მეთოდით, რათა კენჭისყრის დღეს მოიზიდონ მაქსიმალური რაოდენობის მხარდამჭერი.

სამიზნე ლოკაციებში, ასევე, გაიკვრება პლაკატები (თითოეულ ლოკაციაზე მინიმუმ 100 პლაკატი), რომლებზეც გამოსახული იქნება გუნდების მიერ მომზადებული თითოეული პროექტის ვიზუალური მასალა და სლოგანი, ასევე, პლაკატებზე მოცემული იქნება პროექტების პრეზენტაციისა და კენჭისყრის დრო, თარიღი და ადგილი.

კენჭისყრა ჩატარდება თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი დღის განმავლობაში –  წარმოდგენილი პროექტებიდან ადგილობრივი მოსახლეობა საჯაროდ, ხმის მიცემის საშუალებით, შეარჩევს საუკეთესო პროექტს.

კენჭისყრის დღეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში (ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სხვა საჯარო სივრცეში) განთავსდება გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც მოსული მოსახლეობა ჩააგდებს კენჭისყრის ბიულეტენებს. ბიულეტენზე იქნება ყველა საპროექტო იდეის სახელწოდება და გუნდის დასახელება. ბიულეტენს დაესმება სპეციალური ბეჭედი.

თითოეულ გუნდს ექნება შესაძლებლობა კენჭისყრის დღის განმავლობაში გააკეთოს საკუთარი პროექტის პრეზენტაცია ორჯერ, თითოეული პრეზენტაციის მთლიანი ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთი იქნება (თითო გუნდისთვის, დაახლოებით, 10 წუთი).

პრეზენტაციებს შორის პერიოდში, მოსახლეობას საშუალება ექნება, გუნდებს დაუსვას შეკითხვები, განიხილოს პროექტები.

კენჭისყრის ბიულეტენის მისაღებად მოქალაქე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ პასპორტს ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას. სპეციალურ დავთარში, სადაც შეიტანება ბიულეტენის მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი. შევსებულ მონაცემებს მოქალაქე ადასტურებს ხელმოწერით ფრაზის ქვეშ – „ამ ხელმოწერით ვადასტურებ, რომ მე ნამდვილად ვარ გარდაბნის (მაგალითი) მუნიციპალიტეტის ქალაქ გარდაბნის (მაგალითი) მცხოვრები“ (ვინაიდან პროექტი მუნიციპალურ ცენტრში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, პროექტების კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლებათ. რაც შეეხება სურამს, ამ შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეები აუცილებლად დაბაში მცხოვრები მოქალაქეები უნდა იყვნენ).

კენჭისყრის ყუთი გაიხსნება დამსწრე საზოგადოების თანდასწრებით; კენჭისყრის კომისიაში შევლენ: თითოეული გუნდის თითო წარმომადგენელი, AGORA.CE-ს ერთი წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის ერთი წარმომადგენელი.

ორი (და მეტი) პროექტის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერს ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება.