ზურაბ ალავიძე – სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი თვითმმართველობებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

644

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამწუხარო იქნება თუ პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

როგორც ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

“ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი დაადებს ამას ვეტოს. სამი მოსმენით გასულია და მიღებულია ეს კანონი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ბევრი კომენტარიც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხარისხი იოტისოდენითაც არ მცირდება ამ მიმართულებით. ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ სრული კანონმდებლობის დაცვით იმ დოზით, რაც მოგვეთხოვებოდა. ხალხის ჩართულობა იყო. კანონიდან არ გადაგვიხვევია ერთი ნაბიჯით” , – განაცხადა ალავიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე” ვეტოს დადებას სთხოვენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი