ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს

905

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება, – ამის შესახებ ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება, რაც საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

“ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში, სადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე, სხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი შემოუერთდებიან ჩვენს პროექტს და ძალიან მალე, მათ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ვიხილავთ. გერმანელმა პროფესორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში აქტიურად ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. ის იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი კავკასიის მთელს რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, ეს კი საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“,- განაცხადა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.