გორის სოფელ ოთარშენში ახალი სკოლა შენდება

1113

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში ახალი სკოლა აშენდება. სამუშაოებს კომპანია “სამშენებლო ტრენსტი #3” და “სპეცმონოლითი” შეასრულებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სამშენებლო ორგანიზაციებთან ხელშეკრულება უკვე დაიდო, რომლის მიხედვით, სამუშაოები 340 დღეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, ოთარშენის სკოლა გურიაში, სოფელ ჭანიეთში ახლადაშენებული სკოლის ანალოგი იქნება.

საჯარო სკოლის შენობა გათვლილი იქნება 60 მოსწავლეზე და მოეწყობა შემდეგი სივრცეები:

8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია;
სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
ბუფეტი-(მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში (60 მოსწავლე) საჭიროა გამოიყოს ფართი მოსწავლეთა კვებისათვის. მინიმალური მოწყობილობით:
2-სექციიანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით).
დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
რეკრეაციული ზონა;
ფოიე გარდერობით, დერეფანი.
ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი;

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიები 1,08 მლნ ლარს აითვისებენ.

ოთარშენის სკოლაში სწავლობენ ასევე თედოწმინდელი მოზარდები, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. თედოწმინდაში ცხოვრობენ ასევე ეთნიკური ოსები.