თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ასოციაციის წევრობა ხელს შეუწყობს თბილისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ქალაქის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
“მინდა, ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო სიახლე გაგიზიაროთ. ჰელსინკში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონიერი ტურიზმი – ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, სადაც თბილისი უკვე ოფიციალურად წარადგინეს მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის ახალ წევრად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემია, თუ რამდენად იზრდება სასტუმროების, ჰოსტელებისა და კაფე-ბარების რაოდენობა. ასევე, იხსნება სპეციალური სააგენტოები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, აცნობენ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. მიხარია, რომ ჩვენ ამ ასოციაციის წევრი გავხდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყველა იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქს ასოციაციის წევრობა მოუტანს.
“ესაა მის წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა ინდუსტრიულ ასოციაციებთან ახალი კავშირების დამყარება, თემატური და ბიზნესშეხვედრები, ტურისტული პროდუქტებისა და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა და ა.შ. ამდენად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, მისი ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო დარაც ყველაზე მთავარია, ვართ სტუმართმოყვარე ხალხიდა ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება თბილისში უკვე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. სწორედ ამიტომ ტურიზმს სჭირდება დიდი მხარდაჭერა. ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსი ტურისტები კატეგორიულად მიუღებელია. საბედნიეროდ, ამ აზრსაჟღერებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენ მზად ვართ, ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები ისე, რომ მათი უსაფრთხოება ქალაქსა თუ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.