თბილისის მერია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს

1038

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მიმდინარე წელს ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. მერია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა, უახლოეს მომავალში კი ეს „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იქნება.

„წლევანდელი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით განსხვავებულია, მილიარდ ლარს გადააჭარბა და გვეძლევა შესაძლებლობა, ქალაქისთვისა და თბილისელებისთვის სხვადასხვა მნიშვენლოვანი პროექტი განვახორციელოთ. ბევრი სამუშაო მიმდინარეობს თბილისში და ეს თვალშისაცემია ყველასთვის, ფაქტობრივად, ყველა რაიონში და ქუჩაზე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სამომავლოდ სხვადასხვა მნიშვენლოვანი პროექტის განხორციელების ამბიცია გვაქვს. ერთი ასეთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ ძალიან მალე.

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რათა შევარჩიოთ, თუ ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი კომპანია. ეს იქნება 1-კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან, რომელიც დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას. ერთი გზა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, არის ლისიდან ჩამოსასვლელი, რაც იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი, ხოლო სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, სანაპიროებზე გადამსვლელი ხიდი დაუკავშირდება სამტრედიის ქუჩას“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე დასძინა, რომ პროექტი მომზადებულია ძალიან მაღალი სტანდარტით და პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას.