ლაგოდეხში 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

605

სოფელ კართუბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი, სახურავის გამოცვლა და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია“ განახორციელებს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მშვიდობიანის საბავშვო ბაღშიც, სადაც ათეულობით წელია შენობა დაზიანებულია და იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული მამუკელაშვილების ოჯახი ცხოვრობს. გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ოჯახს მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში დაეხმარება, მანამდე კი სამ სულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებლად სხვა სახლში გადავა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ აღნიშნული პროქტები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბაღის თანამშრომლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.