აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

809

დღეს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს მსოფლიო დონის სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესტუმრებიან და ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.

“ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

პრეზენტაციები 2,3,4,5 სექტემბერს, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე გაიმართება. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება იქნება უფასო. გამგზავრება ხდება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან. 2,3,4,5,7 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება. ის რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.