დეფაქტო ხელისუფლება ახალგორის ჩაკეტვას აპირებს

932

სტატიის გაგრძელება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლება დაბა ახალგორთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას აპირებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დაბის მცხოვრებთა ინფორმაციით, საგუშაგოზე გამოკრული განცხადების თანახმად, ე.წ. საზღვარი 3 სექტემბრიდან იკეტება. რამდენი ხნით, მითითებული არ არის. ახალგორელებისთვის უცნობია გადაწყვეტილების მიზეზიც.

ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგორელებს ე.წ. საზღვრის დაკეტვის შესახებ სიტყვიერადაც აფრთხილებენ.

“დადიან და ეუბნებიან, ვისაც გინდათ წადით და ვისაც გინდათ დარჩითო. მიზეზს არავინ ამბობს, არც იმ დროს, თუ როდემდე იქნება ჩაკეტილი, ბრძანება გვაქვსო და მორჩაო,” – უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, დაბის სასურსათო მაღაზიების მფლობელებიც უკვე გააფრთხილეს, რომ თბილისიდან შეტანილი პროდუქტი 10 სექტემბრამდე უნდა გაყიდონ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან “საზღვარზე” ერთადერთი, ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორში აქვს გახსნილი.