საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სწავლება იგეგმება

791

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ხაშურში, ახალქალაქში, ლანჩხუთში, ონში, ზესტაფონში, ფოთსა და ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სწავლება იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს მედია-კლუბის წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად, ათივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

პროექტი, რომელიც ამ ათ მუნიციპალიტეტში განხორციელდება, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს საპილოტე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სწავლებას, აგრეთვე, თვითმმართველობების ჩართულობით, შესაფერისი იმ მოდელის შერჩევა, რომლითაც მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტის პრაქტიკა დაინერგება.

გარდა ამისა, საქართველოს მედია-კლუბი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, შეიმუშაონ საკომუნიკაციო სტრატეგია იმისათვის, რომ უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობა.

პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში ჩატარდება ტრენინგები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, რეგიონში მოქმედი მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც პროექტის განმახორციელებელი გუნდი ამბობს, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მედიამ, ერთი მხრივ, მიიღოს აუცილებელი ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა თუ გამოწვევების შესახებ, მეორე მხრივ კი, შეიტყოს მეტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ, რაც მათ მომავალში საკითხის გაშუქებისას მეტ კომპეტენციას შემატებს.