როგორ შევადგინოთ მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, – ამის შესახებ ხაშურში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის და შიდა ქართლში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” – გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც.
ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა.
ტრენინგის ბოლოს თვითმმართველობის მოხელეებსა და ჟურნალისტებს შორის სიმულაციური თამაში გაიმართა. გუნდებს მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების გამოყენებით პროექტები უნდა შეექმნათ. მოხელეებმა სურამის განვითარების კონცეფცია, ხოლო ჟურნალისტებმა – გორის ციხის განვითარების პროექტი შექმნეს.
ამავე საკითხზე ტრენინგები უკვე გაიმართა ახალქალაქში, ქედაში, ფოთსა და ლანჩხუთში უკვე ჩაატარა. უახლოეს პერიოდში ტრენინგების ჩატარება, ასევე, დაგეგმილია ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ზესტაფონსა და ონში.
“პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ვატარებთ ტრენინგებს და ვაცნობთ მსოფლიოში არსებულ მოდელებს იმისათვის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის შემდეგ მოხელეებს უკვე ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას ნიშნავს მონაწილეობითი ბიუჯეტი და როგორ უნდა ჩართონ მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ამ პროცესში. მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, შექმნან კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეტი ადამიანი ჩართონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა ტრენინგის შემდეგ პროექტის დირექტორმა, მაგდა პოპიაშვილმა.