ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ ჩატარდა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის მოდელებისა და ფორმების სწავლებას იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძელოს მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა.
ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოქალაქეებთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც შესაცვლელია, ვინაიდან ხშირად, არასწორი ფორმების გამო, მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში ვერ უზრუნველყოფს.
ტრენინგი გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” – ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს მედია-კლუბმა” ჩაატარა.
“პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ვატარებთ ტრენინგებს და ვაცნობთ მსოფლიოში არსებულ მოდელებს იმისათვის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის შემდეგ მოხელეებს უკვე ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას ნიშნავს მონაწილეობითი ბიუჯეტი და როგორ უნდა ჩართონ მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ამ პროცესში. მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, შექმნან კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეტი ადამიანი ჩართონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა ტრენინგის შემდეგ პროექტის დირექტორმა, მაგდა პოპიაშვილმა.
საქართველოს მედია-კლუბმა ანალოგიური ტრენინგები ხაშურში, ქედაში, ფოთსა და ლანჩხუთში უკვე ჩაატარა. უახლოეს პერიოდში ტრენინგების ჩატარება, ასევე, დაგეგმილია ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ზესტაფონსა და ონში.