ეკატერინე ბასილაია
საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ჭიათურაში, ტყიბულში, ცაგერში, ხაშურსა (სურამი) და გარდაბანში – იწყება პროექტი „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“, რომლის მიზანია, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ქალაქის თუ დაბის განვითარების ხელშემწყობი პროექტები შექმნან. გამარჯვებული გუნდის წევრები ჩეხეთში სასწავლო ტურით გაემგზავრებიან, გამარჯვებული იდეა კი განხორციელდება.
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია „აგორა“ ახორციელებს. ამასთან, თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ საუკეთესო იდეის დაფინანსების საკითხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსამინისტრო დამატებით განიხილავს.
ორშაბათს, 12 აგვისტოს, სამინისტროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, ჩეხური ორგანიზაციის – „აგორას“ დირექტორმა ივანა ბურსიკოვამ და შერჩეული 5 მუნიციპალიტეტის მერმა.
პროექტში მონაწილეებისათვის რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. აპლიკაციის წარდგენა მოხდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე შერჩეულ 5 მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით. აპლიკაციაში მითითებული უნდა იყოს პროექტში მონაწილე გუნდის წევრების ვინაობა და იდეა. აპლიკაციების მიღება 5 სექტემბერს დასრულდება.
პროექტი 3-4 კაციანმა ჯგუფებმა უნდა შეიმუშაონ და ნოემბრის ბოლომდე წარმოადგინონ. პროექტში ჩართული ახალგაზრდები აუცილებლად 18-დან 30 წლამდე ასაკის ადგილობრივები უნდა იყვნენ. პროექტის ღირებულება და ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. 5-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს თითო იდეა, გამარჯვებული კი ადგილობრივების მიერ ხმის მიცემით გამოვლინდება. ჯერ საბოლოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, საუბარია, რომ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონულად, ისე მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილზე განთავსებული ხმის მიცემის ყუთებით.
„დღეს გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ვიწყებთ პროექტს ურბანული დასახლებებისთვის ახალგაზრდების ჩართულობით ურბანული არეალების განვითარებისათვის. პირველი ეტაპისათვის შერჩეულია 5 სამიზნე არეალი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე შეირჩა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ასევე მუნიციპალიტეტების უშუალო თანამშრომლობით, შესაძლებელი იქნება, შევარჩიოთ ისეთი პროექტები, რომლებიც რეგიონში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. სიმბოლურია, რომ მემორანდუმის ხელმოწერა დაემთხვა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. ვფიქრობ, რომ ეს იქნება დასაწყისი და შევძლებთ, უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობით ყველა თაობის მოსახლის სასიკეთო პროექტების განხორციელებას,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
რაც შეეხება გამარჯვებული პროექტების განხორციელებას, მინისტრის მოადგილის თქმით, „სამინისტროს მხრიდან პროექტების დაფინანსებაში დახმარება იქნება“.
„ამ ეტაპზე არ გვინდა, რომ განვსაზღვროთ წყარო, ვინ იქნება თანადამფინანსებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ გამარჯვებული იდეის ავტორს არა მხოლოდ საკუთარი პროექტის რეალიზაციაში ქნება მხარდაჭერა, არამედ შესაძლებლობა ექნება, ჩეხეთში სხვადასხვა გამოცდილება შეიძინოს“, – თქვა გიორგობიანმა.
„აგორას“ დირექტორი ივანა ბურსიკოვა droa.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი პროექტი ჩეხეთში წარმატებულია, საქართველოში კი მხოლოდ ახლა იწყება და მოლოდინი აქვს, რომ ქართველი ახალგაზრდები საინტერესო პროექტებს შექმნიან.
მისი თქმით, მიზანია, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები ჩაერთონ საკუთარი ქალაქის განვითარებაში, რომ მათ საკუთარ დასახლებული პუნქტებში დამკვიდრების სურვილი არ გაუქრეთ.
„საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მოხდება ახალგაზრდების გუნდების ჩამოყალიბება. ჩვენ დავეხმარებით მათ, ჩავუტარებთ ტრენინგებს, გავუწევთ მონიტორინგს, რომ მოიფიქრონ იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი დასახლებების განვითარებას. ეს შეიძლება იყოს საჯარო სივრცის მოწესრიგება-მოწყობა, სათამაშო მოედნები, კულტურული ღონისძიებები, ახალგაზრდების კლუბი, ბიბლიოთეკა და ა.შ. 5-ვე დასახლებულ პუნქტში თითო საუკეთესო პროექტი გამოვლინდება, რომელიც დაფინანსდება, პროექტის ავტორები კი სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში წავლენ, საიდანაც საკუთარი დასახლებებისთვის ახალ, საინტერესო იდეებსაც ჩამოიტანენ. თუ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ახალგაზრდების ჩართვას და მათი იდეების განხორციელებას, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ მათ ვერ დავაკავებთ მცირე დასახლებულ პუნქტებში და ყველანი ეცდებიან, თბილისში წამოვიდნენ,“ – ამბობს ივანა ბურსიკოვა.
საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მესხიძის თქმით, ახალგაზრდების 3-4 კაციანმა ჯგუფებმა ნოემბრის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ პროექტები და მთავარია, პროექტი ინოვაციური იყოს და განსაზღვრული იყოს, ეს პროექტი ვის მოუტანს სიკეთეს და სარგებელს.
„პროექტში მონაწილეობისთვის 20 აგვისტოს უკვე იქნება ონლაინ რეგისტრაციის ფორმა და დავიწყებთ ჩასვლას 5-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც დაინტერესებულ ჯგუფებს შევხვდებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ ასევე ქაღალდზე დაწერონ მოკლედ იდეა და გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია. მთავარია, ახალგაზრდები უნდა იყვნენ ადგილობრივები. დაახლოებით 5 სექტემბრისთვის დავასრულებთ აპლიკაციების მიღებას და გვეცოდინება რომელ ლოკაციაზე რამდენი გუნდი გვყავს. ამის შემდეგ მონაწილე გუნდებთან მენტორები ჩაატარებენ პირველ შეხვედრას და მოუყვებიან დეტალურად, რა ღონისძიებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. სექტემბერ-ოქტომბერში ჩავატარებთ ტრენინგებს. ასევე, დავეხმარებით გააკეთონ ბანერები, პოსტერები, ჩაატარონ გარკვეული კამპანია, რომ ადგილობრივებს გააცნონ საკუთარი პროექტი. გამარჯვებულს შეარჩევს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივები სასურველ პროექტებს მისცემენ ხმას, ეს იქნება ყუთში ჩაგდებით, თუ სხვა სახით,“ – აცხადებს გიორგი მესხიძე.
მუნიციპალიტეტების მერების თქმით, მათ ჯერ მხოლოდ ზოგადად გააცნეს, რა პროექტზეა საუბარი და ჯერ მოლოდინებზე საუბარიც უჭირთ.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირერიცხოვანი მოსახლეობაა ცაგერში, ახალგაზრდების საკმაოდ აქტიური ჯგუფი გვყავს, რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამაში და მოლოდინიც მაქვს, რომ საინტერესო იდეებს შემოგვთავაზებენ,“- droa.ge-სთან განაცხადა ცაგერის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ძალიან ბევრი კარგ იდეას ელოდება. მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ხაშურიდან ახალგაზრდების ერთი ჯგუფი გამარჯვების შემდეგ ჩეხეთში წავა და იქაურ გამოცდილებასაც შეისწავლის.