გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
“სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 600 კვ.მ ფართობზე, სადაც წყალარინების ქსელი უკვე მოეწყო, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიური. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა ‘ენკა“ აწარმოებს”, – აცხადებენ გამგეობაში.
“თბილისის მერია მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ჩვენ კი პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 2 600 კვ. მეტრ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების სისტემის და გზის საფარის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.
გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება დამატებით, რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე, ჯანჯღავას I შესახვევში ხორციელდება.