ახალქალაქში ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარს, რომლის გალავანშიც ადგილობრივებმა საქეიფო ფანჩატური მოაწყეს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ, შესაბამისმა კომისიამ უკვე იმსჯელა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება. ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუმცა ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება“, – განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექას ბარამიძე.
მისივე თქმით, ტაძარს ამ დრომდე ობიექტის სტატუსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კულტურულ-ისტორიული მახასიათებლების საფუძველზე, საბჭო სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელობდა: “ძეგლს ენიჭება ექვსი თვის ვადით ობიექტის სტატუსი, რომლის განმავლობაშიც, საბჭომ და კვალიფიციურმა ხელოვნებათმცოდნმეებმა უნდა იმსჯელონ და განსაზღვრონ, რამდენად არის ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ შემდეგში ობიექტმა მიიღოს უძრავი ძეგლის სტატუსი“.
ჭერულას ტაძარს უძრავი ძეგლის სტატუსი პუბლიცისტ კუკური მეტრეველის მონდომებით მიენიჭა. მისი თქმით, ახალქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც არ აქვს სტატუსი და სახელმწიფოს მზრუნველობას საჭიროებს: “დიდი ხანი ვითხოვდი სტატუსი მიენიჭებინათ. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითად გადაწყდა და ყველა კომისიის წევრმა დაუჭირა მხარი მისთვის სტატუსის მინიჭებას. ეს აუცილებელია და სხვა ძეგლებსაც სჭირდება ჯავახეთში“.
სწორედ კუკური მეტრეველი იყო პირველი, ვინც ამავე ტაძრის გალავანში, ადგილობრივების მიერ საქეიფო ფანჩატურის მოწყობა გააპროტესტა. ამ საკითხს ახლა ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა სწავლობს. ახალქლაქის მერის, იური უნანიანის განმარტებით, მერიის წარმომადგნლები ადგილზე იმყოფებოდნენ და ფანჩატური ნამდვილად ნახეს. ამ ეტაპზე კი, იმის დადგენას ცდილობენ, თუ ვინ ჩადგა საქეიფო ფანჩატური ეკლესიის გალავნის შიგნით.
“ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა დავიწყოთ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რამდენად კანონიერად არის აშენებული. უნდა დავადგინოთ ვინ ააშენა, როდის და რა ხდება. რამდენიმე დღეში პირველად შესწავლას დავასრულებთ და გვექნება შედეგი. შემდეგ გადაწყვეტილებას ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად მივიღებთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.
მისივე თქმით, ამ ტაძარში ადგილობრივები ოთხი სოფლიდან, აზავრეთიდან, ბურნაშეთიდან, ღადოლარსა და მოდეგამიდან დადიან. „საღმრთოს კლავენ ხოლმე და ალბათ ეს ფანჩატური გაკეთებულია იმისათვის, რომ იქ დაჯდნენ და იქეიფონ. როგორც ამბობენ, უკვე 15-20 წლის გაკეთებულიაო“, – ამბობს იური უნანიანი.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი. მისი თქმით, ფანჩატური გასულ წელს ჩადგეს ადგილობრივებმა და ამავე პერიოდში მან ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც მიმართა.