ქუთაისში რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოების გამო მრავალწლოვანი ხეები დაზიანდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ჭადრის ხეებს საგზაო სამუშაოების გამო ფესვები ნაწილობრივ გადაჭრილი აქვს. ხეები რამდენიმე თვეა, რაც დაზიანებულია. მოქალაქეები მერიას დროულ რეაგირებას თხოვენ.
“მრავალწლოვანი ჭადრები ცაშია გამოკიდებული. ფესვები დაზიანებული და ღია სივრცეშია. ეს ყველაფერი საგზაო სამუშაოების გამოა, მაგრამ რატომ არ ფიქრობენ, რომ ამდენი ხნით ამ მდგომარეობაში დატოვებული ხეები გახმება. არ შეიძლებოდა ეს მონაკვეთი მალე მოეწესრიგებინათ და ხეებისთვის მიეხედათ?”-აცხადებენ მოქალაქეები.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, მიმდებარე ტერიტორია ვინმეს ინტერესს წარმოადგენდეს და მიზანმიმართულად ხდებოდეს ხეების გახმობა, რომ ტეროტორია გაათავისუფლონ.
მერიაში ირწმუნებიან, რომ ხეებს გახმობა არ ემუქრება და ადგილზე არც სხვა სამუშაოებია დაგეგმილი.