თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვა დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დემონტაჟი ჩაუტარდა ობიექტზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობებს და ლითონის ღობეს. ასევე, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარეგანათების ქსელი. გარდა ამისა, მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 1 100 000 ლარია. პროექტი თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ -“ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოა. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.
“აქ იყო დახურული ტერიტორია. გზა იყო გადაკეტილი, შეუძლებელი იყო მოძრაობა და მძღოლებს უწევდათ გვერდის ავლით გადაადგილება. აქ იყო განთავსებული მეტროს გამნიავებელი შახტი. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი გაუკეთდა იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდგა აქ. ახლა ხედავთ, რა კარგი სივრცე გამოვიდა. გაკეთდა შუა ზოლი, სადაც შემოდგომაზე დაირგვება ხე-მცენარეები. განათებები, მოაჯირები და სხვა დანარჩენი გაკეთებულია და ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილია მოსახლეობაც და მძღოლებიც, რომლებიც ამ კონკრეტული მონაკვეთით სარგებლობდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასრულებული სამუშაოების დათვალიერებისას.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, შეიცვალა შახტის ზედაპირი და მოხდა მისი გადაადგილება იმგვარად, რომ გზა გახსნილიყო.