ხარაგაულში ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისადმი პასიურობაში დაადანაშაულა. ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატის, მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ადგილობრივი ლიდერის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, ხან ამბობენ, რომ ფული უნდა გამოიყოს, ხან იძახიან, რომ ზარალს ითვლიან. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს.
“ხან ამბობენ 5 მილიონი უნდა გამოიყოს ხარაგაულზე, ხან ამბობენ ზარალი ითვლება. გავიდა უკვე ორი თვე და სოფლებში მისასვლელი ხიდები არ არის აღდგენილი და მოსახლეობას ატყუებენ“, – განაცხადა ავალიშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი მთავრობა ამ დრომდე ვერაფერს აკეთებს მოსახლეობისათვის, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
ოპოზიციონერ დეპუტატს ხარაგაულის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ უპასუხა. მისი თქმით, მთავრობის განკარგულებით ორჯერ გამოიყო სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხა, პირველად 270 000 ლარი, მეორედ კი 300 000 ლარი. სალიკვიდაციო სამუშაოებზე კი ტენდერები გამოცხადდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 და 12 ივნისს სოფლებში – ლეღვანი, დიდვაკე, მარელისი, ზვარე, მოლითი, წიფა და ლაშე სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.