ფონიჭალაში სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილით, ძველ ავტოფარეხებს დემონტაჟი უტარდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი კი, 4 000 კვ.მ-ზე განთავდება.
“პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, ასევე, მოეწყობა სარწყავი და გარეგანათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები, ბავშვთა ატრაქციონები და მოსასვენებლი კუთხეები.
სკვერში ოთხი საბავშვო ზონა გაკეთდება, რომელიც რეზინის ბორდიურით შემოისაზღვრება.
გარდა ამისა, რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდება. ხოლო ხეები და საპროექტო გამწვანების ზოლები ბეტონის ბორდიურით გამოიყოფა”,- აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.
“თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი ახალი სკვერი მოეწყო. მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ფონიჭალაში, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით ერთი დიდი სკვერი უკვე მოვაწყვეთ და ახლა რაგბის სტადიონის აშენებაც იგეგმება. დიდი გეგმებითა და შემართებით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობის სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
ახალი სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.