დიღმის მასივში ავტოფარეხების ნაცვლად მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

340

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.

მათივე ცნობით, დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა დაიწყო.

„პროექტის მიხედვით, დეკორატიული ფილები დაიგო, ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრა, განათების სისტემა მოეწყო. სივრცეში საბავშვო და სპორტული ზონები განთავსდა. ტერიტორიაზე საპარკე ინვენტარი დაიდგა, რულონური ბალახი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული მოსასვენებელი სივრცის მშენებლობა კომპანია „ზმ ჯგუფმა“ განახორციელა. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარი გამოიყო,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.