ქუთაისის მერია, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“, შენობის ფასადზე გამოკრული მერიის მაღალჩინოსნების პლაკატების ჩამოსახსნელად ათდღიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიამ „სავანე“ ამ მიზეზით ერთხელ უკვე დააჯარიმა. ჯარიმის საფუძველი ისტორიული ზონის იერსახის დამახინჯება იყო, თუმცა, საქალაქო სასამართლომ კაფის მფლობელები მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო, ჯარიმის გადახდის ან პლაკატების ჩამოხნის ვალდებულება კი არ დაუკისრებია. ამის მიუხედავად, მერია პლაკატების ჩამოხსნას მაინც ითხოვს და განმარტავს, რომ ამას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი მოთხოვნით კაფის მფლობელებს წერილი უკვე გაუგზავნა.
„გაფრთხილებთ, რომ ჩამოხსნათ კაფე-ბარი „სავანეს“ ფასადზე განთავსებული ბანერები, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“,-ნათქვამია წერილში.
„სავანეში“ მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მერიას თუნდაც იმიტომ არ აქვს პლაკატების ჩამოხსნის მოთხოვნის უფლება, რომ მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ და პროცესი დასრულებული არ არის.
მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე კი განმარტავს, რომ მერია ვალდებული არ არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.
„წაიკითხონ კარგად ადმინისტრაციულ სამართალდღვევათა კოდექსი და მერე ილაპარაკონ კანონიერია თუ უკანონო. სასამართლომ „სავანე“ ცნო სამართალდამრღვევად იერსახის დამახინჯებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ვალდებული არიან პლაკატები ჩამოხსნან 10 დღის ვადაში. თუ არ ჩამოხსნიან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“,-აცხადებს გიორგაძე.
გარდა ამისა, კაფე “სავანეს ” მეპატრონეები აცხადებენ, რომ ბანერს მანამდე არ ჩამოხსნიან, ვიდრე მასზე გამოსახული პირები: გიორგი ჭიღვარია, მისი მოადგილე იუზა უგულავა და იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე თანამდებობებს არ დატოვებენ.
კაფის მფლობელებმა ბანერზე სიმბოლურად გადახაზეს ეკონომიკის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.
ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანესა“ და ქუთაისის მერიას შორის წლებია კონფლიქტია. 2019 წლის მაისში კაფე “სავანემ ”, რომელიც ქუთაისის მერიამ კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2 000 ლარით დააჯარიმა, სასამართლო პროცესი მოიგო.
სასამართლო დავა მიწის ნაკვეთის გამო 2002 წელს დაიწყო, რაზეც კაფე დგას. „სავანეს“ მეპატრონეები აცხადებენ, რომ შენობასთან ერთად მიწაც მათ ეკუთვნით, მერია კი ამბობს, რომ ტერიტორია სკვერის ნაწილს წარმოადგენს, რაც განუსხვისებელი ქონებაა, შესაბამისად ის „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა.
ქუთაისის მერიასა და კაფე „სავანეს“ მფლობელებს შორის დავაზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 16 ივლისს გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა მერიის იურისტის პოზიცია და „სავანეს“ კაფის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი არ მიაკუთვნა.