აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემების VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel ჟურნალისტები იმყოფებიან და ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ.
გარდა ამისა, მოწვეულები არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამ ინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტინე ძიძიგურის განცხადებით, მიზანია ქვეყნისა და რეგიონის პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით მაქსიმალურად გაიზარდოს.
“ჩვენ მოვიწვიეთ “ვოგის“ ჟურნალისტები ჩეხეთიდან და უკრაინიდან. ZOE Magazine-ისა და L’Officiel-ის ჟურნალისტები ამერიკიდან და იტალიიდან; ინსტაგრამ ინფლუენსერი დუბაიდან და ამერიკიდან, რათა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით მაქსიმალურად გაიზარდოს. განსაკუთრებით კი – სამიზნე ქვეყნებში. ესენია გამოცემები და ინტაგრამ ინფლუენსერები, რომელთა რეკომენდაციებსა და რჩევებს მილიონობით ადამიანი ითვალისწინებს. ისინი ცხოვრების სტილსა და მოდაში მიმართულებას ქმნიან. შესაბამისად, მათი მკითხველები და მიმდევრები ცდილობენ ამ ტრენდს გაყვნენ. ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს ზღვისა და მთის კომბინაციით, უგემრიელესი სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა თუ სხვა ტურისტული პროდუქტების სახით ტურისტებისთვის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ეს ყველაფერი კი ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს მკითხველებს საინტერესო კონტენტი შესთავაზონ. ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გავაგრძელებთ, რათა პოტენციურ ტურისტებამდე ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ“, – განაცხადა ქრისტინე ძიძიგურმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ წელს აჭარის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოიყო.