გორის მერია: 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის გამოკითხვებზე დაყრდნობით მუშავდება

856

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, რომელიც წელს პირველად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვებზე დაყრდნობით დაიწერება და ასევე პირველად ექნება “პროგრამული ბიუჯეტის“ სახე, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ავცხადებენ.

მათივე ცნობით, პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნით, გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების, ხარჯებისა და შემოსავლების, ასევე, ძირითადი პრიორიტეტების ზედა ზღვრებისშესახებ ისაუბრეს.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან დიდი ინფორმაცია მივიღეთ. გვინდა, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენაში და თვალყური ვადევნოთ ბიუჯეტირების პროცესს, რომ მოქალაქეთა ინტერესები იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი და თანხების ხარჯვაც იყოს ადეკვატური“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს მდივანმა დაკო მურადაშვილმა.