მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე მცხეთაში შეხვედრა გაიმართა

974

მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე მცხეთაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე და საქართველოს მედია-კლუბის წარმომადგენლები – ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტი, რომლის განხორციელებაც მცხეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ამისათვის, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია მერიის იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც შემდგომში მონაწილეობითი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან. ტრენინგში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ მცხეთა-მთიანეთში მოქმედი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“პროექტის მიზანია, მცხეთაში დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტის პრაქტიკა, რისთვისაც მერიას გავაცნობთ მსოფლიოში არსებულ მოდელებს. მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობას, მეტი ადამიანი ჩართოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პროექტის დირექტორმა, მაგდა პოპიაშვილმა.

პროექტი, რომელიც საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ – ფარგლებში ხორციელდება.