თბილისის რაიონებში, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, მოეწყობა დახლები, სადაც გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქტების გაყიდვა შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ადგილებზე საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოსახლეობას ყველანაირი გადასახადის გარეშე 10 აგვისტოდან შეეძლება. მისივე ინფორმაციით, ამისათვის მოქალაქეებმა გამგეობებს უნდა მიმართონ და რეგისტრაცია გაიარონ.
“სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქუჩაში ვაჭრობა. ადამიანები, რომლებსაც მართლა უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობაში შევდივარ. ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, არ გამოვიდოდა და ქუჩაში არ დაიწყებდა თავისი პროდუქტის გაყიდვას. თუმცა არის მეორე მხარეც, რაც ყურადღებამისაქცევია, რათა დაცულები ვიყოთ. შესაბამისად, გამგებლებს დავავალე, რომ თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც ადამიანებს თავიანთი პროდუქტების გაყიდვის საშუალებას მივცემდით ყველანაირი გადასახადების გარეშე. უკვე გამოყოფილია ეს ადგილები, დავამზადეთ მოწესრიგებული, ლამაზი დახლები და უკვე 10 აგვისტოდან შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანებმა ამ ადგილებიდან შეძლონ თავიანთი პროდუქტების გაყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.