უსაფრთხოა თუ არა ლიფტები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ

731

უსაფრთხოა თუ არა ლიფტები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ. ლიფტების მდგომარეობის კუთხით ვითარება სავალალოა. როგორც აღმოჩნდა, ლიფტით უსაფრთხო მგზავრობა კორპუსების მცხოვრებთა პასუხისმგებლობაა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

დაზიანებული ლიფტის კაბინები თბილისში მოქალაქეებს უკვე აღარ უკვირთ. მოძველებულ კორპუსებში გადაადგილების ეს საშუალებებიც დიდი ხანია ამორტიზებულია. დამწვარია ღილაკები, ზოგიერთ სართულზე ლიფტის კარი არ იღება და მცხოვრებლებს ის კუსტარულად აქვთ დალუქული. ეჭვის ქვეშ დგას უსაფრთხოებაც, თუმცა მოქალაქეები ლიფტით მაინც მგზავრობენ.

კანონმდებლობის თანახმად, ლიფტების უსაფრთხოებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აკონტროლებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოწმებაზე ისინი მხოლოდ ფორსმაჟორუს სიტუაციაში – ავარიის ან უბედური შემთხვევის დროს მიდიან. ლიფტების გეგმური შემოწმება კორპუსების მცხოვრებთა პასუხისმგებლობაა და წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმებიც.

მფლობელის პასუხისმგებლობაა, მოიწვიოს კერძო საინსპექციო ორგანო და მათი მეშვეობით ლიფტის ინსპექტირება განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა – 500 ლარი, რომელის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ორმაგდება“, – აცხადებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი თემურ კალმახელიძე.

ჯარიმის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებმა კერძო კომპანიებს უნდა მიმართონ. მოქალაქეთა ამხანაგობებს ასეთ მომსახურებას საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია სთავაზობს, რომლებიც ლიფტების მუდმივ შემოწმებაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მომსახურების ფასი კი თვეში 100-120 ლარს აღწევს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 15 ათასი ლიფტია. ამიტომ კერძო კომპანიებში კადრების ნაკლებობაზეც საუბრობენ. ლიფტების გაუმართაობის გამო კი ყოველწლიურად არაერთი ადამიანი შავდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბათუმში მოხდა, სადაც მშენებარე კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.